07/07/2022 / მეთოდები გაზიარება

FUT - ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვა

FUT  - ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვა - ზონრის,  იგივე ნაკერიანი მეთოდი არის თმის გადანერგვის ტექნიკა, რომლის დროსაც სადონორე მასალის მოპოვება ხდება კეფიდან თმიანი კანის ელიფსური ფორმის ზონრის სახით. ზედაპირული ჭრილობა კეფის არეში იხურება ე.წ ტრიქოფიტური ნაკერით. თმიანი კანის ზონრიდან  გამოცდილი ასისტენტები სტერეომიკროსკოპების ქვეშ ამზადებენ ფოლიკულურ გაერთიანებებს მინიმალური ტრანსექციით.

FUT  ტექნიკა თმის გადანერგვის კლასიკური მეთოდია. პრაქტიკულად მას აქვს ერთადერთი ნაკლი - ნაკერი კეფის არეში და შემდგომში საკმაოდ ნაზი ხაზოვანი ნაწიბურის განვითარება, რომელიც არ აძლევთ ჩვენს პაციენტებს საშუალებას ატარონ ძალიან მოკლე ვარცხნილობა. თუმცა FUT მეთოდს აქვს ბევრი უპირატესობა: 

1. FUT ტექნიკა საშუალებას გვაძლევს მივიღოთ მნიშვნელოვნად მეტი გრაფტი სადონორო არედან, როგორც ერთჯერადი, ისე განმეორებითი თმის გადანერგვის პროცედურებისას, ასევე არ ხდება სადონორე არეში თმის სიხშირის შემცირება/განლევა, როგორც FUE მეთოდის გამოყენების დროს.

2.  FUT მეთოდისას გრაფტებს ამზადებენ ქირურგის ასისტენტები მიკროსკოპების ქვეშ, პირდაპირი ვიზუალიზაციით, რაც გამორიცხავს მათ დაზიანებასა და ტრანსექციას.

3. ფოლიკულების ტრანსექცია FUT ტექნიკის გამოყენებისას ბევრად ნაკლებია, ვიდრე ეს FUE მეთოდის შემთხვევაში.

4. FUT ტექნიკა საშუალებას გვაძლევს მოვიპოვოთ გრაფტები მხოლოდ მუდმივი, პერმანენტული სადონორო არედან. 

5. FUT მეთოდის გამოყენებისას არ ხდება თმის შეჭრა და გადაპარსვა. პაციენტი ტოვებს კლინიკას ნახვევის გარეშე და თმის გადანერგვის კვალი პოსტოპერაციულ პერიოდში გაცილებით ნაკლებად შესამჩნევია, ვიდრე FUE მეთოდის გამოყენების შემდეგ. 

6. ვინაიდან FUT ტექნიკა უფრო სწრაფია, ვიდრე FUE მეთოდი, შესაბამისად მისი ღირებულება უფრო დაბალია.