01/06/2022 / მეთოდები გაზიარება

FUE - ფოლიკულური გაერთიანების ექსციზია

FUE - ფოლიკულური გაერთიანების ექსციზია, ანუ უნაკერო მეთოდი არის თმის გადანერგვის ტექნიკა, რომლის დროსაც ინდივიდუალური ფოლიკულური გაერთიანებების (გრაფტების) მოპოვება ხდება კეფის არედან მცირე (1 მმ დიამეტრის) მბრუნავი მიკროტროაკარების (ფანჩების) მეშვეობით ჭრილობისა და ნაკერების გარეშე. FUE მეთოდის გამოყენებისას ქირურგი ყოველი ფოლიკულური გაერთიანების ირგვლივ აკეთებს ზედაპირულ ჭრილს (სიღრმით 2-4 მმ ), რის შემდეგაც ქირურგის ასისტენტი სპეციალური პინცეტების მეშვეობით სათითაოდ იღებს მოჭრილ გრაფტებს. მცირე (1 მმ დიამეტრის ზომის) დეფექტები ფოლიკულური გაერთიანებების ამოღების ადგილებში სწრაფად ხორცდება წერტილოვანი მიკრონაწიბურების ჩამოყლიბებით. FUE მეთოდის გამოყენების შემდეგ არ რჩება ხაზოვანი ნაწიბური კეფის არეში, როგორც ეს ხდება FUT მეთოდისას. სწორედ ეს გახლავთ FUE მეთოდის მთავარი უპირატესობა. FUE ტექნიკა ითვლება ყველაზე თანამედროვე მეთოდათ, თუმცა სინამდვილეში ეს სულაც არ გახლავთ ასე. FUE ეპოქის დასაწყისად მიიჩნევენ ამერიკელი ტრანსპლანტოლოგების უილიამ როსმანის და რობერტ ბერნშტეინის ცნობილ პუბლიკაციას  -  ,,FUE პროცედურა - თმის გადანერგვის ნაკლებ ინვაზიური ტექნიკა“, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში ,,Dermatologic Surgery’’ 2002 წელს. ამ სტატიის შემდეგ მთელს მსოფლიოში დაიწყეს თმის გადანერგვა FUE მეთოდით, მაგრამ სინამდვილეში ეს ტექნიკა პირველად გამოყენებულ იქნა ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიაში, ექიმების სოჯი ოკუდას და ჰაჯიმე ტამურას მიერ. სამწუხაროდ ამ ექიმების ფასდაუდებელი გამოცდილება დაიკარგა ომის გამო. გასული საუკუნის  90-იან წლებში ავსტრალიელმა ექიმმა რეი ვუდსმა ხელახლა დაიწყო ამ  ტექნიკის გამოყენება, თუმცა საკუთარი ნამუშევრები არსად გამოუქვეყნებია, რის გამოც FUE მეთოდის ფუძემდებლებად  ითვლებიან უილიამ როსმანი და რობერტ ბერნშტეინი. დღეისათვის FUE გახლავთ თმის გადანერგვის ყველაზე გავრცელებული და პოპულარული მეთოდი, რაც განპირობებულია მისი აშკარა უპირატესობებით:

  1. FUE მეთოდის გამოყენების დროს არ რჩება ხაზოვანი ნაწიბური კეფის არეში და პაციენტს სურვილის შემთხვევაში აქვს შესაძლებლობა ატაროს ძალიან მოკლე ვარცხნილობა.
  2. FUE მეთოდი  ნაკლებად ინვაზიურია და პოსტოპერაციული პერიოდიც პაციენტებისათვის უფრო კომფორტულია, ვიდრე FUT მეთოდის გამოყენების დროს. 
  3. როდესაც კეფაზე სადონორო მარაგი ცოტაა, FUE მეთოდი საშუალებას  გვაძლევს მოვიპოვოთ სადონორო მასალა არა მხოლოდ კეფიდან, არამედ სხეულის სხვა არეებიდანაც: მკერდი, წვერი, ბოქვენი, ფეხები და ასე შემდეგ.
  4. პირველი პროცედურის დროს FUE მეთოდი საშუალებას გვაძლევს მივიღოთ გრაფტების დიდი რაოდენობა მათში უფრო მეტი ფოლიკულებით, რადგან ქირურგი დამიზნებით იღებს უფრო მრავალთმიან ფოლიკულურ გაერთიანებას. 

თუმცა FUE მეთოდიკას აქვს ბევრი უარყოფითი მხარე: 

  1. მიუხედავად იმისა, რომ FUE პროცედურის შემდეგ არ რჩება ხაზოვანი ნაწიბური კეფის არეში, FUE მეთოდს მაინც ვერ ვუწოდებთ სრულიად უნაწიბურო ტექნიკას, რადგან ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქციის ადგილებში რჩება მიკრონაწიბურები, სადაც თმა აღარ იზრდება. ბუნებრივია კეფის არეში თმის სიხშირე მცირდება და ფართომასშტაბიანი გადანერგვებისას (5000 და მეტი გრაფტის ამოღება) ხდება სადონორო არის განლევა.
  2. იმ შემთხვევაშიც კი როცა FUE პროცედურას ატარებს გამოცდილი ქირურგი და იყენებს ყველაზე თანამედროვე ინსტრუმენტებს, ფოლიკულური ტრანსექციის (ფოლიკულების გადაჭრა, დაზიანება) პროცენტი უფრო მაღალია, ვიდრე FUT პროცედურის დროს. 
  3. FUE  პროცედურა მოითხოვს თმის სრულად ან ნაწილობრივ (კეფის არეში) გადაპარსვას. ჩვენ ხშირად ვატარებთ FUE პროცედურას თმის ყოველგვარი შემოკლების გარეშეც, თუმცა ეს ტექნიკა უფრო შრომატევადია და მეტ დროს მოითხოვს, შესაბამისად უფრო ძვირადღირებულია. ზოგადად თუკი FUE პროცედურას ატარებს გამოცდილი ქირურგი, FUE პროცედურის ღირებულება გაცილებით მაღალია, ვიდრე FUT მეთოდისა.