FUE

FUE - ფოლიკულური გაერთიანების ექსციზია, ანუ უნაკერო მეთოდი არის თმის გადანერგვის ტექნიკა, რომლის დროსაც ინდივიდუალური ფოლიკულური გაერთიანებების (გრაფტების) მოპოვება ხდება კეფის არედან მცირე (1 მმ დიამეტრის) მბრუნავი მიკროტროაკარების (ფანჩების) მეშვეობით ჭრილობისა და ნაკერების გარეშე.

FUE მეთოდის გამოყენებისას ქირურგი ყოველი ფოლიკულური გაერთიანების ირგვლივ აკეთებს ზედაპირულ ჭრილს (სიღრმით 2-4 მმ), რის შემდეგაც ქირურგის ასისტენტი სპეციალური პინცეტების მეშვეობით სათითაოდ იღებს მოჭრილ გრაფტებს. მცირე (1 მმ დიამეტრის ზომის) დეფექტები ფოლიკულური გაერთიანებების ამოღების ადგილებში სწრაფად ხორცდება წერტილოვანი მიკრონაწიბურების ჩამოყლიბებით (იხილეთ ფოტოები 1, 2 და 3).

ფოტო 1. სადონორო არე FUE მეთოდით 3000 გრაფტის ექსციზიის შემდეგ

img
View
img
View

ფოტო 2. სადონორო არე FUE პროცედურიდან მესამე დღეს

img
View

ფოტო 3. სადონორო არე FUE პროცედურიდან ერთი წლის შემდეგ

FUE მეთოდის გამოყენების შემდეგ არ რჩება ხაზოვანი ნაწიბური კეფის არეში, როგორც ეს ხდება FUT მეთოდისას. სწორედ ეს გახლავთ FUE მეთოდის მთავარი უპირატესობა.

FUE ტექნიკა ითვლება ყველაზე თანამედროვე მეთოდათ, თუმცა სინამდვილეში ეს სულაც არ გახლავთ ასე.

FUE ეპოქის დასაწყისად მიიჩნევენ ამერიკელი ტრანსპლანტოლოგების უილიამ როსმანის და რობერტ ბერნშტეინის ცნობილ პუბლიკაციას  - ,,FUE  პროცედურა - თმის გადანერგვის ნაკლებ ინვაზიური ტექნიკა“, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში ,,Dermatologic Surgery’’ 2002 წელს. ამ სტატიის შემდეგ მთელს მსოფლიოში დაიწყეს თმის გადანერგვა FUE მეთოდით, მაგრამ სინამდვილეში ეს ტექნიკა პირველად გამოყენებულ იქნა ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიაში, ექიმების  სოჯი ოკუდას და ჰაჯიმე ტამურას მიერ. სამწუხაროდ ამ ექიმების ფასდაუდებელი გამოცდილება დაიკარგა ომის გამო. გასული საუკუნის 90-იან წლებში ავსტრალიელმა ექიმმა რეი ვუდსმა ხელახლა დაიწყო ამ ტექნიკის გამოყენება, თუმცა საკუთარი ნამუშევრები არსად გამოუქვეყნებია, რის გამოც FUE მეთოდის ფუძემდებლებად ითვლებიან უილიამ როსმანი და რობერტ ბერნშტეინი (იხილეთ ფოტოები 4 და 5).

ფოტო 4. უილიამ როსმანისა და აკაკი წილოსანის პოლემიკა ექსპერტთა მრგვალ მაგიდასთან ISHRS - ის კონგრესზე, კუალა ლუმპური, 2014 წ

ფოტო 5. რობერტ ბერნშტეინი და აკაკი წილოსანი ISHRS - კონგრესზე, მონრეალი, 2008 წ

img
View

ფოტო 6. 7 - თმიანი FUE გრაფტი ამოღებული ა.წილოსანის მიკროტროაკარით

დღეისათვის FUE გახლავთ თმის გადანერგვის ყველაზე გავრცელებული და პოპულარული მეთოდი, რაც განპირობებულია მისი აშკარა უპირატესობებით:

  1. FUE მეთოდის გამოყენების დროს არ რჩება ხაზოვანი ნაწიბური კეფის არეში და პაციენტს სურვილის შემთხვევაში აქვს შესაძლებლობა ატაროს ძალიან მოკლე ვარცხნილობა.
  2. FUE მეთოდი ნაკლებად ინვაზიურია და პოსტოპერაციული პერიოდიც პაციენტებისათვის უფრო კომფორტულია, ვიდრე FUT მეთოდის გამოყენების დროს. 
  3. როდესაც კეფაზე სადონორო მარაგი ცოტაა, FUE მეთოდი საშუალებას გვაძლევს მოვიპოვოთ სადონორო მასალა არა მხოლოდ კეფიდან, არამედ სხეულის სხვა არეებიდანაც: მკერდი, წვერი, ბოქვენი, ფეხები და ასე შემდეგ.
  4. პირველი პროცედურის დროს FUE მეთოდი საშუალებას გვაძლევს მივიღოთ გრაფტების დიდი რაოდენობა მათში უფრო მეტი ფოლიკულებით (იხილეთ ფოტო 6), რადგან ქირურგი დამიზნებით იღებს უფრო მრავალთმიან ფოლიკულურ გაერთიანებას. 

თუმცა FUE მეთოდიკას აქვს ბევრი უარყოფითი მხარე:

1. მიუხედავად იმისა, რომ FUE პროცედურის შემდეგ არ რჩება ხაზოვანი ნაწიბური კეფის არეში, FUE მეთოდს მაინც ვერ ვუწოდებთ სრულიად უნაწიბურო ტექნიკას, რადგან ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქციის ადგილებში რჩება მიკრონაწიბურები, სადაც თმა აღარ იზრდება. ბუნებრივია კეფის არეში თმის სიხშირე მცირდება და ფართომასშტაბიანი გადანერგვებისას (5000 და მეტი გრაფტის ამოღება) ხდება სადონორო არის განლევა (იხილეთ ფოტოები 7 და 8).  

img
View

ფოტო 7. სადონოროს მხარის განლევა ერთ-ერთ თურქულ კლინიკაში 5000 გრაფტის აგრესიული ექსციზიის შემდეგ

img
View

ფოტო 8. სადონორო არის უხეში დანაწიბურება 9000 გრაფტის უხარისხო ექსციზიის შემდეგ ერთ-ერთ თურქულ კლინიკაში

2. იმ შემთხვევაშიც კი როცა FUE პროცედურას ატარებს გამოცდილი ქირურგი და იყენებს ყველაზე თანამედროვე ინსტრუმენტებს, ფოლიკულური ტრანსექციის (ფოლიკულების გადაჭრა, დაზიანება) პროცენტი უფრო მაღალია, ვიდრე FUT პროცედურის დროს (იხილეთ ფოტოები 9 და 10).

3. FUE პროცედურა მოითხოვს თმის სრულად ან ნაწილობრივ (კეფის არეში) გადაპარსვას. ჩვენ ხშირად ვატარებთ FUE პროცედურას თმის ყოველგვარი შემოკლების გარეშეც, თუმცა ეს ტექნიკა უფრო შრომატევადია და მეტ დროს მოითხოვს, შესაბამისად უფრო ძვირადღირებულია. ზოგადად თუკი FUE პროცედურას ატარებს გამოცდილი ქირურგი, FUE პროცედურის ღირებულება გაცილებით მაღალია, ვიდრე FUT მეთოდისა.

img
View

ფოტო 9. FUE - გრაფტები - 1, 2 და 3-4 თმიანი გრაფტები, სადაც ჩანს ფოლიკულების მრავლობითი ტრანსექცია

img
View

ფოტო 10. FUT გრაფტები - კანის ანათალი და 1, 2, 3 თმიანი გრაფტები ყოველგვარი დაზიანების გარეშე